გუშინ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივნის პასუხი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სისულელე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის შეკითხვაზე, რომელიც „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების შედეგებს ეხებოდა.
მისი თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციებში ვერ შევა.
„თქვენ გუშინ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივნის პასუხი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სისულელე. არანაირი ასეთი მოსაზრება, დასკვნა არ გააჩნია არათუ ამერიკის სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს სპეციალურ უწყებებს, რომლებიც ამ საკითხზე არიან პასუხისმგებლები. ამიტომ ამ სპეკულაციებში ვერ შევალ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატის სავარაუდო მოწამვლის ფაქტს წერტილი თავად ამერიკამ დაუსვა. „ნაციონალური მოძრაობისა და ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურმა ვაშინგტონმა უარყო. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის სადაზვერვო საზოგადოებას არ გაუკეთებია დასკვნა იმის თაობაზე, რომ რუსეთს კავშირი აქვს ე.წ. ჰავანის სინდრომის შემთხვევებთან.
მანამდე გერმანული „შპიგელის“, ამერიკული „სი-ბი-ეს-ნიუსისა” და რუსული „ინსაიდერის“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების მასალებში გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელ და კანადელ დიპლომატებს წამლავდნენ. საუბარია ე.წ. ჰავანის სინდრომზე, არაოფიციალურ დაავადებაზე, რომელსაც ახასიათებს თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი და კოორდინაციასა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. 2014 წლიდან მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ ამერიკისა და კანადის საელჩოების თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.