კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ ისხდებოდნენ ჟურნალისტები, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ”რუსთავი 2”-ით დაინტერესებული არიან პოლიტიკოსები.
”მედიასაშუალების პოლიტიკაში ჩართვა ყოველთვის გულისხმობს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მედია რაც უფრო გაჯიუტდება და მძაფრი გახდება, მით უფრო მეტად არის პოლიტიზირებული. დღეს არამგონია, რომ საერთოდ თავისუფალ სიტყვაზე არის საუბარი, ეს ღიმილის მომგვრელიც არის და გულდასაწყვეტიც. ის, რომ პოლიტიკოსები არიან ”რუსთავი 2”-ით დაინტერესებული, ამას ვხედავთ მხარდამჭერებში – ძირითადად ”ნაციონალური მოძრაობის” ამა თუ იმ ფრთაში. ის, რომ დვალზე და აქიმიძეზე დაიწყო საუბარი ნიშნავს, რომ საუბარია ”რუსთავი 2”-ის დეპოლიტიზაციაზე. ”რუსთავი 2” რა ხარისხისაცაა ეს დავით დვალმა გააკეთა, მისი დამსახურებაა, ეს ხარისხი. ”რუსთავი 2”-ის დეპოლიტიზაციის საკითხი თუ დგას ”ნაციონალური მოძრაობის” მომხრისთვის ეს იქნება უარყოფითი მოვლენა, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკულად განწყობილისთვის, ეს იქნება დადებითი პროცესი. მე მათ მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი. კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე საპროტესტოდ ისხდებოდნენ ჟურნალისტები”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.