ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს მამუკა მდინარაძე ქუთაისში, საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, როდესაც ისინი ითხოვენ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ევროპა, ამ დროს გარკვეული ნაწილი ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას რუსულ საქმეს არქმევს, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს.
„დიდი ილიას სიტყვები „მამული, ენა და სარწმუნოება“ ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი, ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოსა და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ, აქ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქალი არასდროს დაუშვებს და როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ევროპა, მაგალითად ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ თქვენთვის ყველაფერი დეტალურად იყოს ცნობილი, არქმევენ რუსულ საქმეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ის, რაც ჩვენზე დიდი, მეგობარი ქვეყნებისთვის შეიძლება, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ამაყი ხასიათი და რომელმაც ამ დღემდე მოიტანა ქართული ენა, მოიტანა ჩვენი ქვეყანა, სარწმუნოება და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს და ჩვენ ამ რწმენით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც, მათ მიღებასაც. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა ამაში გადამწყვეტი იქნება, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო.