ჩვენ კონკრეტული გეგმა განგვისაზღვრა ჩვენმა საზოგადოებამ და ბოლოს ამის ლეგიტიმაცია მოხდა მიმდინარე წლის 29 აპრილს, როდესაც 200 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრალურ უბანში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ვერ მოასწრო და ვერ ჩამოვიდა ამ შეხვედრაზე, რომელსაც სავსებით სამართლიანად საყოველთაო-სახალხო შეხვედრა უწოდეს.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტია, რომ არ შეხვედრამ საგონებელში ჩააგდო რადიკალური ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში. 29 აპრილის შემდეგ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 29 აპრილი გადაფარონ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით და არც მომავალში გამოუვათ, მინდა ამაში ეს ხელმოცარულები დავაწყნარო, დავამშვიდო.
ეს არის ზუსტად საზოგადოებისგან ნაკარნახევი გეგმა, რომელსაც მივყვებით ჩვენ და მიზანი ამ გეგმის არის ერთი- უფრო ძლიერი სახელმწიფო, უფრო დამოუკიდებელი საქართველო, უფრო მეტად სუვერენული საქართველო და ის საქართველო, რომელიც სწორედ ღირსებით და დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტით გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.