დღეს ხელოვნურად პანიკაა აწეული, აი, საფონდო ბირჟებზე აქციებმა დაიწია, ჩვენი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, ეს არის ხელოვნური და ეკონომიკა, როგორც არასდროს, ისე არის ძლიერი, რაზეც ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მეტყველებს.
„სინამდვილეში, გეტყვით მარტივად. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ზეგავლენას ახდენს, პირველი, ეს არის ინფლაცია 1,5-პროცენტია, სამი არის მაქსიმუმ და იქამდეც ვერ ადის. მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდა 5,2 პროცენტი გვაქვს ჩადებული წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა 8,2 პროცენტი გვაქვს, ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5 პროცენტია, ერთ-ერთი საუკეთესო და მშპ-სთან მიმართებაში სამთავრობო ვალი არის 38 პროცენტი. 60 პროცენტზე მეტი იყო. ანუ, ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები გვაქვს. მათ შორის, ეს არის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც 8,25 -ია. ანუ, იდეალური და ცდილობს, რომ კიდევ უფრო შეამციროს. ასე რომ არანაირი საფუძველი არ არის პანიკის.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ერთის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ იმ აქციებს, რაც იმართება აქ, ბუნებრივია, თავის გავლენა აქვს და ინვესტორი თავს იკავებს, ხომ არ შემოვა, ელოდება სიტუაციას და ეს ბუნებრივია ეკონომიკას ურტყამს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ხელოვნური, ეს არის დადგმული და როგორც მოკლევადიან პერიოდში ასეთი რყევები არსებობს, გრძელვადიანში დასტაბილურდება.
დარწმუნებული ვარ, ხვალ შესაბამისი ინსტანციები, მათ შორის, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გამოვლენ და ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეს არის ხელოვნური და ეკონომიკა, როგორც არასდროს, ისე არის ძლიერი და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი ამაზე მეტყველებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.