ფაქტია, რომ აქციას წინ მიუძღვება “ნაცების” მანქანა და ეს მანქანა აძლევს მითითებებს, როდის უნდა იმღერონ, როდის უნდა იცეკვონ, როდის უნდა იჩხუბონ და სამწუხაროდ, დანარჩენები უსიტყვოდ ემორჩილებიან მას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციას, რომ კეზერაშვილის ცოლის ძმამ „ნაცმოძრაობის“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან უკმაყოფილოა და მეტი მუხტი სჭირდება.
„ფაქტია, რომ ჩიქოვანი, ანუ კეზერაშვილია მათი მთავარი სპონსორი და დამფინანსებელი და ფაქტია, რომ მთლიანად ეს აქცია არის „ნაც. მოძრაობის“ კოლექტიური პოლიტიკური უმცირესობის მიერ ორგანიზებული.
ახლა იქ რომ დადის სხვა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს არც “ნაცებს” უჭერს მხარს, ეს უკვე ლირიკაა, ვინაიდან, საერთო ჯამში პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, ვინაიდან, ამით მხოლოდ “ნაცების” საქმეს აკეთებენ და “ნაცების” საქმე ყოველთვის აცდენილი იყო ქართულ საქმესთან“, – აღნიშნა „ქრონიკასთან“ საუბრისას რატი იონათამიშვილმა.
„ქრონიკას“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბროსეს ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისში იგორ ნარმანია და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები დაიბარეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანსა და მათ შორის, მძიმე საუბარი შედგა.
ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და განაცხადა, რომ უკმაყოფილოა და მეტი მუხტი სჭირდება. წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა ასევე თქვა, რომ მილიონზე მეტი აქვს უკვე დახარჯული და მათგან შედეგს ვერ იღებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თათბირის შემდეგ მძიმე შეურაცხყოფის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. სწორედ, ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა ექსკლუზიურად ინფორმაცია „ქრონიკას“ დიმიტრი ჩიქოვანის მიერ ჩატარებული თათბირის შემდეგ.