პენტაგონში აცხადებენ, რომ არ შეუცვლიათ საკუთარი პოზიცია უკრაინის მიერ ამერიკისგან მიღებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშის ფონზე ვაშინგტონის მიდგომა, რომლის მიხედვითაც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში შეუძლია, პენტაგონის პრესმდივანის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა უცვლელია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის აღჭურვილობა და შესაძლებლობები, რომლებსაც უკრაინას ვაწვდით ჩვენ და სხვა ქვეყნები, უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, – აღნიშნა საბრინა სინგჰმა.
მისივე თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან საუბრებში განიხილავს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ შეიარაღების გამოყენება „და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში“.