როგორც ჩანს, ზურაბიშვილს ვეტო ჰგონია, ცარიელ ქაღალდს რომ გამოუშვებს და დააწერს, ვეტო დავადე, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადების შემთხვევაში შენიშვნებს არ წარუდგენს პარლამენტს და „ცარიელ ქაღალდს“ გააგზავნის, მაჭარაშვილის განმარტებით, ჩათვლიან, რომ პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწერა და ასეთ შემთხვევაში კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
„ჩვენ ვუყურებთ, როგორ შეჯერდებიან თავად ზურაბიშვილი, ოპოზიცია და უცხოელი პარტნიორები. რამდენად დაარწმუნებენ ახლა ზურაბიშვილს, რომ შენიშვნები გამოაგზავნოს. როგორც ჩანს, ახლა მას ვეტო ჰგონია, ცარიელ ქაღალდს რომ გამოუშვებს და დააწერს, ვეტო დავადე და ასე არ არის. ცარიელ ქაღალდს თუ გამოუშვებს, ჩავთვლით, რომ კანონს ხელი არ მოაწერა. თუ კანონს ხელს არ აწერს პრეზიდენტი, მომავალ 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს და ძალაში შევა. თუ გამოაგზავნის რაიმე ტიპის შენიშვნას, ჩვენ ვიმსჯელებთ, ეს შენიშვნა რამდენად იქნება მისაღები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.