ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდანუკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.
საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:
– აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;
– აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;
– აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;
– შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.
თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.