როგორია წლევანდელი ტურისტული სეზონის მოლოდინი და რა პროგნოზი აქვთ აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს. როგორც Courtyard by Marriot Batumi-ის მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი. მაია წერეთელი აღნიშნავს, წელს შარშანდელთან შედარებით ჯავშნების მეტი რაოდენობა ფიქსირდება.
მისივე თქმით, პირდაპირი ფრენების გაზრდამ საქართველოს მეტი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა მისცა, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც როგორც წესი არ ჩამოდიოდნენ საქართველოში.
„ბათუმის სიტუაციაზე, რომ ვისაუბროთ, ჯავშნების სიტუაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წელს ჯავშნების მოლოდინი ბევრად უკეთესია ვიდრე გასულ წელს გვქონდა, იმიტომ რომ გასულ წელს ამავე დროისთვის არ იყო ამდენი დადასტურებული ჯავშანი რაც გვაქვს ახლა. შესაბამისად, ვინაიდან ფრენები დაემატა, ქვეყნების გაზრდის შესაძლებლობა მოგვეცა. ანუ იმ ქვეყნებიდან სტუმრების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც აქამდე არ ჩამოდიოდნენ საქართველოში. შესაბამისად ესეც იმოქმედებს სტუმრების რაოდენობაზე. ქუთაისის აეროპორტში საკმაოდ ბევრი მიმართულება დაემატა ფრენების და ცხადია, ეს მოიყვანს მეტ სტუმარს. ასევე, აზიის ქვეყნების ბაზრები ემატება, რამდენადაც ვიცი საუდის არაბეთი ამატებს პირდაპირ ფრენებს. ასევე, ჩინეთთან საზღვარი თუ გაიხსნა მოსალოდნელია იქიდანაც ბევრი სტუმარი ჩამოვა. ვფიქრობ, ამ ზაფხულს დატვირთვა პრობლემა არ უნდა იყოს“, – აღნიშნა წერეთელმა.
რა გავლენა აქვს საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ ვითარებას ტურისტულ ნაკადებზე, მაია წერეთელი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციები მთელი ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საქართველოში არსებული ვითარება ჯავშნებზე არ იმოქმედებს.
„ასეთი ტიპის არეულობები, ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, აქციები მთელ ევროპაშია. ჩვენ თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ადამიანებს შესაძლებლობა რაღაც გააპროტესტონ, არა მგონია, რომ ვინმე თავის დასვენებას გადადებს ამ აქციების გამო. იმედი მაქვს, ისედაც ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდება. ცხადია რაღაც პატარა ტურბულენტობა შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ არის ისეთი სერიოზული რომ ჯავშნებზე და სეზონზე იმოქმედოს“,- განმარტავს მაია წერეთელი.
“ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, წელს იმაზე უკეთესი მოლოდინი გვაქვს ვიდრე გასულ წელს გვქონდა“, – დასძინა მაია წერეთელმა.