ციფრები და სტატისტიკური მონაცემები აცამტვერებს ოპოზიციონერების პანიკურ გამოსვლებს ეკონომიკის ირკვლივ, რომ რაღაც პრობლემები არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ გამჭვირვალობა პრიორიტეტია და სწორედ ეს დასკვნაც, თუ რა დონეზე გამჭვირვალეა ბიუჯეტი და საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის ხარჯვაში, მიუთითებს იმაზე, რომ მოწადინებულები არიან ყველა სფერო იყოს გამჭვირვალე.
„ბოლო ორი წელია, ღია ბიუჯეტის ინდექსში, ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ. ეს კიდევ ერთხელ აცამტვერებს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების პანიკურ გამოსვლებს ეკონომიკის ირგვლივ და ხალხის მუდმივ დასტრესვას მათი ტელევიზიებიდან, რომ ეკონომიკას რაღაც პრობლემები აქვს და რომ ის თავზე გვენგრევა. ზუსტად ასეთი სტატისტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები აცამტვერებს მას ციფრებითა და მონაცემებით. ციფრებს ხომ ვერ გაექცევიან. სწორედ ასე ხდება მათი სრული ლუსტრაცია. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ გამჭვირვალობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ეს დასკვნაც, თუ რა დონეზე გამჭვირვალეა ჩვენთვის ბიუჯეტი და საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის ხარჯვაში, მიუთითებს იმაზე, რომ მოწადინებული ვართ ყველა სფერო იყოს გამჭვირვალე. ერთადერთი, რაც გამჭვირვალე არ იყო და დარჩენილი იყო გაუმჭვირვალედ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები. უკვე „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ და მალე ეს სფეროც დარეგულირდება“, – აღნიშნა კირცხალიამ.