მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი იგორ გორგანი რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ГРУ) თანამშრომლობდა. ამის შეასხებ ონლაინ გამოცემა The Insider-ი წერს, რომლის ჟურნალისტებმაც გორგანისა და მისი „კურატორის“ მიმოწერაზე წვდომა მოიპოვეს.
კერძოდ, როგორც გორგანისა და ГРУ-ს ოფიცერ, პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვის მიმოწერიდან ირკვევა, მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი აწვდიდა რუსეთის სამხედრო დაზვერვას ინფორმაციას მოლდოვაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტებზე, რომლებიც მოლდოვას სამხედრო ტექნიკის შესაძენად სტუმრობდნენ.
„მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში თავისი ძველი კავშირების გამოყენებით იგორ გორგანი ГРУ-სთვის კვლავაც მნიშვნელოვან ინფორმატორად რჩება“, – წერს გამოცემა.
იგორ გორგანი გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან 2021 წლის ბოლოს გადააყენეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა. The Insider-ის ინფორმაციით, გორგანისა და მაკაროვის თანამშრომლობა 2004 წელს დაიწყო, როდესაც გორგანი ნატოს მისიაში მსახურობდა. გორგანის კურატორად მაკაროვი 2019 წელს იქცა, ხოლო 2022 წლის აპრილში მათი მიმოწერა ყველაზე უფრო აქტიური გახდა.