“თავისუფლების დაცვის ცენტრის” თავმჯდომარე და „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი ბესო კილაძე ბოლო დროს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2016 წლის სცენარს უკავშირებს და წინასაარჩევნოდ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ იხსენებს.
კილაძის მტკიცებით, ბათუმის მოვლენების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რაც საზოგადოებისთვის ადვილი მისახვედრია. კილაძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ისეთი სცენარის გამო დატოვა, რომლის ანალოგიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში განვითარდა. როგორც კილაძე ირწმუნება, სააკაშვილს გადარჩენის ერთადერთ გზად დესტაბილიზაცია და რევოლუცია მიაჩნდა.
„ალბათ ყველას ახსოვს გასული წლის სექტემბერში ჩემი განცხადებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად გავაკეთე. არაერთხელ მითქვამს, რომ წინასაარჩევნოდ შევხვდი სააკაშვილს, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, კონკრეტული სცენარი ჰქონდა. ლოზუნგი უნდა ყოფილიყო თითქოს არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამ გზით უნდა დაწყებულიყო გამოსვლები. უნდა მომხდარიყო იერიში ძალოვანი უწყების შენობებზე, უნდა დამწვარიყო ავტომობილები და საბურავები, მომხდარიყო პროვოცირება პოლიციისა და სპეცრაზმის და სასურველი იყო, ყოფილიყო მსხვერპლიც. ამ გეგმის მთავარი პუნქტი კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იყო, რომელსაც საზოგადოების ინფორმირება უნდა მოეხდინა, რომ თითქოს პოლიციამ და სპეცრაზმმა იძალადა მშვიდობიან მოსახლეობასა და მომიტინგეებზე და სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი. ამ ყველაფრის შემსრულებელი კი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები – აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი და მისი მეუღლე და სხვა პოლიტიკური ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან დარჩენილები. სამსხვერპლო კი „თავისუფალი ზონა“ იქნებოდა.
რა მოხდა ბათუმში? იერიში მიიტანეს პოლიციის შენობაზე, ძალოვანი უწყების ერთ-ერთ ობიექტზე, სადაც განლაგებული იყო პოლიცია, სპეცრაზმი და მოსახლეობა. სხვათა შორის, მოსახლეობას შორის ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი და მათ შორის, ადგილობრივი მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატები ამოვიცანი. მათ დაწვეს ავტომობილები, საბურავები, დაიწყეს მტვრევა, მსხვრევა ახლომდებარე ობიექტების და რაც მთავარია, „რუსთავი 2″-ი იყო მთავარი ინდიკატორი და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდა. თვალშისაცემი იყო ასევე პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტის აკვიატებული ფრაზა – “პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მომიტინგეებზე, იყენებენ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს”. ამ დროს კი კადრებში ჩანს მთავარი სიმართლე – როგორ არბევს ვითომ მშვიდობიანი მომიტინგე პოლიციის შენობას, როგორ ისვრის სპეცრაზმისა და პოლიციის მისამართით ქვებს“, -განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბესო კილაძემ.
კილაძის განცხადებით, სააკაშვილის 2016 წლის არჩევნების შემდგომი სცენარი თბილისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მზაკვრული გეგმა ბათუმში წარმატებით განახორციელა.