დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს თანამედროვე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის სიძლიერის ბრძოლა, ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა. 100 წლის წინ ეს ბრძოლა ჩვენი ეკლესიისა და სამშობლოს გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს, ერთი წლით უსწრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს თარიღებიც ცხდაჰყოფს, რომ ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იყო. ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას ვერ მოერია ვერც საბჭოთა რეპრესიული მანქანა. შეუძლებელია დაამარცხო ის, რაც მოყვასისადმი სიყვარულზე, თავისუფლებასა და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამედროვე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, მართლმადიდებრლი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქიისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებიან. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.