თუ კი ვინმეა დაინტერესებული ბევრი უცხოელი დამკვირვებლის საქართველოში ჩამობრძანებით, ეს არის ხელისუფლება, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საზოგადოების ნდობა არ აქვთ.
„ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, „ისფედი“ მაგალითად, არანაირი ნდობა არ გააჩნია. გამყალბებელი ვერ შეიძლება და არ შეიძლება იყოს ობიექტური დამკვირვებელი არჩევნებზე. რაც არ უნდა ისაუბრონ მათ შეცდომაზე, შეცდომა, რომლის აღიარება კვირების განმავლობაში არ ხდება, ეს უკვე შეცდომა არ არის. პარალელური დათვლის გაყალბებას ვგულისხმობ „ისფედის“ მიერ, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე იკადრეს და განახორციელეს.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან ფართოდ გახსნილი კარი ყველა დამკვირვებლისთვის. გრძელვადიანი მისიები უკვე არის ნაწილი ჩამობრძანებული. ჩვენ ველოდებით კიდევ დამკვირვებლების ჩამოსვლას. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ელექტრონული არჩევნები წესი, რომელიც არავის არ მისცემს იოტისოდენა შანსს, რომ რაიმე სახის გაყალბების მცდელობა მოახდინო არჩევნებში. იქნება ზუსტად დათვლილი იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიბრძანდება არჩევნებზე. ვინც მისცემს ამა თუ იმ პარტიას ხმას და შედეგი ძალიან მალევე, საარჩევნო უბნების დახურვიდან ეცოდინება ყველას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.