ერაყის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ქალაქ მოსულს ტერორისტებისგან ათავისუფლებენ, ცდილობენ მოსახლეობა ქალაქიდან უსაფრთხოდ გაიყვანონ, თუმცა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები მათ ზურგში ესვრიან. ამის შესახებ სააგენტო RIA-ს ერაყის ფედერალური პოლიციის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა შაკერ ალ-ხავაჯიმ განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს უსაფრთხო გასასვლელები, მოსახლეობას ამ გასასვლელებით ღამითაც კი ვატარებთ. მაგრამ იმ რაიონებიდან, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს, მოსახლეობა ვერ გამოდის. ვინც მოახერხებს და შეეცდება გაქცევას, მას ზურგში ესვრიან,“– განაცხადა ალ-ხავაჯიმ.
მისივე თქმით, მოსულს ტერორისტებისგან გაზაფხულის ბოლომდე გაათავისუფლებენ. ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც ტერორისტები აკონტროლებენ, „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 1500 წევრია.