“საქართველოს სიყვარულის და სიკეთის არაჩვეულებრივი გამოხატულებაა”, – გთავაზობთ “სოლიდარობის ფონდის” განცხადებას.
“საქართველოში ნათლობის შემდეგ გერმანელი ბიზნესმენი ჩვენი ბავშვების სამკურნალოდ გერმანიაში 4000 ევროს დონაციას ახორციელებს სოლიდარობის ფონდში.
გუშინ წარმოშობით გერმანელი, ვენაში მოღვაწე ბიზნესმენი ალფრედ სტრობელი სიონის საკათედრო ტაძარში მოინათლა. ეს გადაწყვეტილება მან საქართველოსთან თანამშრომლობის 4 წლის შემდეგ მიიღო ჩვენი ქვეყნის ტრადიციების განსაკუთრებული პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად.
ნათლობამდე ბატონმა ალფრედმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევა მიიღო.
თავად ნათლობის რიტუალს სიონის საკათედრო ტაძარში პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ უხელმძღვანელა.
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზიარების შემდეგ, გერმანელმა ბიზნესმენმა სურვილი გამოთქვა საქართველოს სოლიდარობის ფონდში 4000 ევროს დონაციაზე, რომელიც მოხმარდება ჩვენი ბავშვების მკურნალობას გერმანიის, კერძოდ ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ძალიან ამაღელვებელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობა და გვინდა სიხარულით გაგიზიაროთ საქართველოსთვის გაწეული სიკეთის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.