ეს არის „ტელემედიის“ დაკვეთით გორის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა. 18-30 სექტემბერს პირდაპირი ინტერვიუს წესით გამოკითხული 1 700 ადამიანის პასუხები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია უკონკურენტოა და მნიშვნელოვნად უსწრებს არა თუ ცალკეულ, არამედ ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, განვითარება და ეკონომიკური წინსვლა არის ის მთავარი, რისთვისაც ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ ნდობას უცხადებს.
„საკუთარი მარცხით და უნდობლობით სასოწარკვეთილი რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში ომი დაუშვა და თითქმის, უკვე სამი წელია, ცდილობს, ქვეყანა მეორე ფრონტად აქციოს, ახლა თითქოს, ომის რეალური კადრებით შეწუხდა – სურთ წარმოაჩინონ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს სხვის უბედურებას.
სინამდვილეში, ეს არის წუხილი და ეს არის გაფრთხილება, რა უნდა ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას – ომი, ის რაც რადიკალებს ასე ძალიან სურთ.
მშვიდობა უკრაინას და მშვიდობა საქართველოს – სანდრო გამსახურდიას სპეციალური რეპორტაჟი – მშვიდობის ბანერებით აღშფოთებულ რადიკალებზე“, – აღნიშნა წამყვანმა.