ეს გარდამავალი პერიოდი რაც არსებობს ბრიუსელში, რატომღაც ჩვენთვის ფასდება ისე, თითქოს რაღაც გაყინულია, სინამდვილეში არაფერი არაა გაყინული. არჩევნების შემდგომ, ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირში წევრობამდე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ბორელის განცხადებაზე რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო გაჩერებულია და ამის პარალელურად პრემიერ-მინისტრი ხაზს გამუდმებით უსვამს ბოლო დროს იმას, რომ არჩევნების შემდეგ ურთიერთობები გადაიტვირთება. რაზე იქნება ეს დამოკიდებული, არჩევნების შედეგებზე, თუ რამე სხვაზე.
„პირველ რიგში ამის [ურთიერთობების გადატვირთვის] ამოსავალი იქნება ქართველი ხალხის არჩევანი, რასაც გააკეთებს საქართველოს თითოეული მოქალაქე საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. როგორც არ უნდა ეცადოს, რა ძალაც არ უნდა იყოს, ხალხის არჩევანის პატივისცემა ყველას მოუწევს, ასე მოუწიათ 2020 წელს, ასე მოუწევთ ახლაც, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისთვის. [უცხოეთიდან] განწყობებს შეცვლის არჩევნები და არჩევნების შედეგი. ჩვენ ვიცით, რა პროცესები მიმდინარეობს ევროკავშირში ახლა. არჩევნების შემდგომ, ევროკომისია ჩამოყალიბების პროცესშია. ნოემბერში, დეკემბრის დასაწყისში საქმე გვექნება ახალ ევროკომისართან, ახალ ევროკომისიასთან, რომლებიც წარუძღვებიან ევროკავშირის პოლიტიკას ახლებურად. იქნება ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტი და ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს ურთიერთობა იმ შემადგენლობასთან, რომელი შემადგენლობაც ჩამოყალიბდება. ეს გარდამავალი პერიოდი რაც არსებობს ბრიუსელში, რატომღაც ჩვენთვის ფასდება ისე, თითქოს რაღაც გაყინულია, სინამდვილეში არაფერი არაა გაყინული. არჩევნების შემდგომ, ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირში წევრობამდე. ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სურვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სურვილიც, რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია, გადაწყვეტილება არსებობს გასული წლის დეკემბრიდან და ეს არის ის პროცესი, რომელშიც აუცილებლად უნდა შევიდეს ევროკავშირიც და საქართველოც“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.