„ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი დაუჭირა იმ გუნდს, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს.
„მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ერთი თვის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.