ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომელიც ინსტიტუციამ უზრუნველყო, რათა არ ყოფილიყო არცერთი ისეთი შემთხვევა, სადაც ფარულობის დარღვევას ექნებოდა ადგილი, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები იმ პირებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი დაირღვა.
„როდესაც ვსაუბრობთ ფარულობასთან მიმართებაში, უნდა აღინიშნოს, რომ სამგზის ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვადასხვა დონეზე კომისიების, არამედ უკვე საუბნოსთან, შემდგომ საოლქოსთან და ცენტრალურთან მიმართებაში, სადაც ცალსახად დადგინდა, რომ ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, უკანა გვერდზე გამოჟონვა არ ნიშნავს, რომ დაირღვა ფარულობა, დაირღვა ამომრჩევლის არჩევანი, რადგან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომელიც ინსტიტუციამ უზრუნველყო, რათა არ ყოფილიყო არცერთი ისეთი შემთხვევა, სადაც ფარულობის დარღვევას ექნებოდა ადგილი. კანონმდებლობით, პრეზიდენტის არჩევნების გარდა, ამომრჩევლისა და ბიულეტენის ბმა არ არის უზრუნველყოფილი, რაც იმთავითვე უზრუნველყოფს იმას, რომ პირის არჩევანი არ არის იდენტიფიცირებადი კონკრეტულ ამომრჩეველთან. ამასთანავე არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადმე ფარულობის პრინციპი დაირღვა. თუ სადმე დაირღვა, კანონით შესაბამისი ზომები იქნებოდა. არცერთ შემთხვევაში უკანა მხარეს გამოჟონვის კვალი, მარკერის კვალი იგივე, მისი არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირის არჩევანი იყო იდენტიფიცირებადი, გარჩევადი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.