სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს დაესწრება.
რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევა მიიღო მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.
„სლოვაკეთის მთავრობა ერთგული რჩება ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მემკვიდრეობის და ისტორიული სიმართლის, მეორე მსოფლიო ომისა და იმ როლის შესახებ, რომელიც წითელმა არმიამ ითამაშა“, – დაწერა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, რობერტ ფიცო არაერთხელ გამოვიდა განცხადებებით, რომლებიც უკრაინაში და დასავლეთში პრორუსულ პოზიციად აღიქმება. კერძოდ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში ომი კომპრომისის გზით უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან განაცხადა, რომ წყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას.