საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო არის სამშობლო და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, დააშანტაჟოს ქართველი ხალხი.
„არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ დააშანტაჟოს ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო, როგორც ამას აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის დროს. ხომ გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა. მაშინ, როდესაც ყველა პარამეტრით წინ ვიყავით, გვაშანტაჟებდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კი იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ამ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანაში მოეხდინათ რევოლუცია, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დღესაც იგივე ხდება, უბრალოდ კანდიდატის სტატუსის მიცემა-არმიცემის ინსტრუმენტის მაგივრად, აქვთ სხვა ინსტრუმენტი. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა- არგახსნის თემა. აქ ვართ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ. ასევე დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა? გახსენით, ჩვენ მზად ვართ. ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებთ ხალხს, კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემთ შესაძლებლობას, დააშანტაჟოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ყველას მოგიწევთ, შეეგუოთ იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო არის სამშობლო და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.