თვითონ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს“ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში.
„არცერთ დასკვნაში არავითარი მტკიცებულებები არ დევს. თვითონ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა. მათ აქვთ აღიარებული, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ანუ 2 075 000 ამომრჩეველი რომ მივიდა საარჩევნო უბნებზე, ამას აღიარებს ყველა. ეს ერთი და მეორე, მაგალითად, გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს“ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში. ისინი საკუთარ შედეგებს სათითაოდ აღიარებენ. დანარჩენი ყველაფერი არის უშუალოდ სიყალბე. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. რაც შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, ჩახედეთ ISFED-ის დასკვნას, 25 ფაქტი აქვს იდენტიფიცირებული, როცა აკვირდებოდა 700 000 ამომრჩეველს, სად არის რაიმე ფაქტი. არავითარი მტკიცებულება არ დევს. ISFED-ს ჰქონდა ყველაზე დიდი მისია. ISFED-ის დასკვნას ჩახედეთ, რომელსაც უწერია, რომ დააკვირდა დაახლოებით 700 000 ამომრჩეველს და დაადგინა ხმის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა. ეს ხომ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ ხმის ფარულობის დარღვევის კუთხით არავითარ სისტემურ პრობლემას არ ჰქონია ადგილი. ხომ არის ეს მტკიცებულება, დანარჩენი ყველაფერი არის სიყალბე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.