რუსეთისა და სირიის სამხედრო ავიაციამ ამბოხებულების მიერ კონტროლირებული სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი იდლიბი დაბომბა.
„როიტერი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვა მოხდა ხალხმრავალ საცხოვრებელ ზონაში, იდლიბის ცენტრში, რომელიც არის უდიდესი ქალაქი მეამბოხეების ანკლავში, თურქეთის საზღვრის მახლობლად, სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს კარვებსა და დროებით საცხოვრებლებში.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
სირიისა და რუსეთის სამხედრო ავიაციამ ასევე დაბომბა იდლიბის რეგიონის სხვა ქალაქები, რომლებსაც ამბოხებული ძალები აკონტროლებენ. ამბოხებულების სამხედრო ოპერაციას და მათ წინსვლას ალეპოს რეგიონში სირიის პრეზიდენტი გამოეხმაურა და საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა.
„ტერორისტებმა მხოლოდ ძალის ენა იციან და ეს არის ენა, რომლითაც მათ დავამსხვრევთ“, – განაცხადა ბაშარ ასადმა.
სირიის არმიამ განაცხადა, რომ ალეპოზე ამბოხებულების თავდასხმის შედეგად მისი ათობით ჯარისკაცი დაიღუპა.
1-ელ დეკემბერს სირიის არმიამ განაცხადა, რომ დაიბრუნა რამდენიმე ქალაქი, რომლებიც ბოლო დღეებში აჯანყებულებმა დაიპყრეს. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები მოქმედებენ მთავარ შეიარაღებულ დაჯგუფებებასთან, კოალიცია „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამთან“ ერთად, რომელიც არის ისლამისტური ჯგუფი და ოპოზიციის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ აშშ-ის, რუსეთის, თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული. ამბოხებული ძალები ოპერაციის დაწყების შემდეგ ქალაქ ალეპოში შეიჭრნენ.