„სერბეთის სოციალისტური მოძრაობის“ დეპუტატებმა, რომლებსაც ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი ხელმძღვანელობს, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „კომერსანტი“ ავრცელებს.
კანონპროექტი „უცხოურ აგენტებად“ აცხადებს არაკომერციულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, რომელთა ბიუჯეტის 50% საზღვარგარეთიდან მიღებული თანხებით ფინანსდება. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს „უცხოური აგენტის“ სტატუსით რეგისტრაცია და ყველა მათ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ამ სტატუსის მითითება მოუწევთ.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, იმ პირებს, ვინც კანონს დაარღვევენ, გარკვეული საქმიანობა აეკრძალებათ, ასევე დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ჯარიმა 5000-დან (42 ევრო) 2 მილიონ დინარამდე (17 000 ევრო). პროექტის მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრს იუსტიციის სამინისტრო მართავს. მას ასევე აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი კანონდარღვევისთვის შეუჩეროს საქმიანობა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან.
„სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერის, სერბეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ვულინის თქმით, კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ შემუშავებულია აშშ-ის შესაბამისი კანონის მიხედვით, რომელიც კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას საზღვარგარეთიდან.
თუმცა, სერბეთის ოპოზიცია აღნიშნავს, რომ იგი უფრო ჰგავს რუსეთში ან საქართველოში მოქმედ რეპრესიულ კანონებს, ხოლო აშშ-ის კანონი სხვა საკითხებს არეგულირებს.