მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება.
“მინდა გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს, ვთვლი, რომ გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება!!! არც არასდროს გავჩუმებულვარ სხვებისგან განსხვავებით და არც აზრის დაფიქსირების შემშინებია. როცა მართლა საფრთხის შემცველი იყო ხმის ამოღება, ბევრი მახსოვს სირაქლემას პოზაში და დღეს მორალს ასეთები ნუ წაგვიკითხავთ! უკვე მერამდენე დღეა ვათენებთ და ვაღამებთ მთელი ქვეყანა იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეიძლება დამშვიდდეს ეს სიტუაცია, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მოხდეს ადამიანების შეთანხმება და გაერთიანება. ნამდვილად არავის არ მოსწონს ამ არეულობის ყურება. ყოველთვის ვგმობდი და დღესაც დავგმობ ნებისმიერი მხრიდან ძალადობას და ვთვლი რომ ყველა მოძალადე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ახალს ნამდვილად არაფერს არ ვწერ, ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ასე უნდა იყოს”, – წერს ნიჟარაძე.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება მას მიუთითოს რა არჩევანი უნდა გააკეთოს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
“რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ჩემი არჩევანი და უფლებაა, ასე რომ არავის აქვს უფლება მიმითითოს რა არჩევანი უნდა გავაკეთო და სად უნდა ვიდგე. თუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება გვინდა, მაშინ ერთმანეთის აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ეს დაპირისპირება და ბულინგი არც ქართული და არც ევროპულია!!! მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ვდგავართ იქ სადაც ვთვლით, რომ სწორი გზაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ინტერესები ჩემთვის იყო, არის და ყოველთვის იქნება უპირველესი, იმიტომ რომ ეს ჩემი სამშობლოა!!! მე მჯერა, რომ ყველაფერი მალე გადაივლის და დალაგდება, მაგრამ ამ დანგრეულ ურთიერთობებს, რა ეშველება?! ამაზეც ვიფიქროთ, ყველამ ერთად! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს და გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. საქართველო უპირველეს ყოვლისა”, – წერს ნიჟარაძე.