უკრაინამ ომის შეჩერებასთან დაკავშირებით ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებები დაიწყო, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებში ჩავიდა ტრამპის ადმინისტრაციასთან მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, რათა აღმოიფხვრას უთანხმოებები რუსეთთან ომის საკითხის გადაწყვეტაში.
ოთხშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი შეხვდა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კეიტ კელოგსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალ მრჩეველს, მაიკ უოლცს. შეხვედრას ასევე შეუერთდა არჩეული ვიცე პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი.
გამოცემის წყაროების ცნობით, ერმაკი ვაშინგტონს ტრამპის თანაშემწეებთან ურთიერთობის დასამყარებლად ეწვია.
„ინფორმირებული წყაროების თქმით, ერმაკი უკრაინას წარადგენს, როგორც კონსტრუქციულ პარტნიორს მშვიდობის მისაღწევად და არა როგორც დაბრკოლებად“, – წერს გამოცემა.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, უკრაინა გეგმავს გამოაცხადოს მზადყოფნა მშვიდობისთვის, „მაგრამ ეს უნდა იყოს მდგრადი მშვიდობა. არასტაბილური, დროებითი მშვიდობა არ შეესაბამება შეერთებული შტატების ან უკრაინის ინტერესებს“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპის მრჩევლებმა განიხილეს სამშვიდობო გეგმები, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტის დაკავებას და დროებით ხურავს კიევისთვის კარს ნატოში გასაწევრიანებლად.