რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის ყურადღებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ჩვენ არასდროს დავუშვებთ რომელიმე სახელმწიფოს ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო და დემოკრატიულ საქმეებში. როგორც პრეზიდენტი, მე ყოველთვის აღტაცებითა და მეგობრობით შევხედავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ტრამპის ადმინისტრაციას და ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე ღირებულებები და იდეალები გვაერთიანებს“, – აღნიშნა კელინ ჯორჯესკუმ.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი შესაძლო პრეზიდენტობის პირობებში, ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოს არ დატოვებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განცხადებაში განაცხადა, რომ „არ შეიძლება რუმინეთის ძნელად მიღწეული პროგრესი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შეაჩერონ უცხოურმა აქტორებმა, რომლებიც ცდილობენ რუმინეთის საგარეო პოლიტიკის დაშორებას მისი დასავლური ალიანსებისგან“.
„ნებისმიერი ასეთი ცვლილება სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის რუმინეთთან თანამშრომლობაზე, ხოლო უცხოური ინვესტიციების შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ამერიკულ კომპანიებს რუმინეთში ინვესტიციების განხორციელებაში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუს გამარჯვება დაადასტურა.
თავის საარჩევნო გამოსვლებში ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ნატო „არ პასუხობს რუმინეთის ინტერესებს“, ხოლო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „ამერიკული სამხედრო კომპანიების მანიპულირების შედეგია“.