ამერიკის შეერთებული შტატები შენი მეზობელი არ არის, ამერიკის შეერთებული შტატები ათასობით კილომეტრის დაშორებითაა, ეს მეზობელი კი შენს ცხვირწინაა. ასე რომ იყავი ფრთხილად! სააკაშვილისთვის ეს არავის უთქვამს, მას მხოლოდ ტაშს უკრავდნენ, – განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა.
მისი თქმით საქართველომ და მისმა მსგავსმა ქვეყნებმა რუკას უნდა შეხედონ და რეალისტები იყვნენ.
„მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ არ შეუძლია საქართველოს ხსნა, არც საკუთარი თავისგან და არც მისი ჩრდილოელი მეზობლისგან. გესაჭიროებათ წინდახედულობა, სიფრთხილე, გჭირდებათ ნორმალური დიპლომატია და არა გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ ვართ ნატო, რასაც გვინდა იმას ვიზამთ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, 2008 წლიდანვე და ჩვენ მივიღეთ საშინელი შედეგი, ეს შედეგი კი „საგარეო საქმეთა საბჭოში“ სააკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა – სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ, თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი. არავინ მოგიწოდებთ სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ, იყავით წინდახედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა, „ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო“. ის გულისხმობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არ ადარდებთ, მათ ისიც კი არ იციან ამერიკული ჯორჯია ან ატლანტა სად მდებარეობს. მათ მითუმეტეს არ იციან, თბილისი და საქართველო სად არის, დამიჯერეთ, გულწრფელად გეუბნებით, იყავით ფრთხილად, არავინ გეუბნებათ, რომ დანებდეთ, მარცხი აღიაროთ, იყავით წინდახედულნი, მოეპყარით მეზობელს კარგად. იმავეს გირჩევთ თურქეთთან და ირანთან დაკავშირებით.
ამ ზიზღის ფონზე იმის ფიქრი, რომ ბრიუსელი გადაგარჩენთ, უბრალოდ სასაცილოა. ვაშინგტონი კი საერთოდ დამატებით 3 000 კილომეტრის დაშორებითაა კიდევ, კარგი რა, ვიყოთ რეალისტები, მე ვცადე ეს უკრაინელებისთვის ამეხსნა, მაგრამ მათ მე ყური არ დამიგდეს, მათ ვაშინგტონიდან გაგონილი ტკბილი საუბარი და მხარდაჭერაზე ცრუ დაპირებები ერჩივნათ. ახლა კი მათ ბრძოლის ველზე უბრალოდ ხოცავენ“, – აცხადებს ჯეფრი საქსი.