ჩემს უკრაინელ კოლეგებს ვაფრთხილებდი, არ ქცეულიყვნენ ბრძოლის ველად, რომ არ ეთამაშათ ამერიკული გეოპოლიტიკური თამაში, მე მათ სიტყვა-სიტყვით ვუთხარი, რომ „ისინი ევროპის ავღანეთად გადაიქცეოდნენ“ და ეს მოხდა, სამწუხაროდ, – განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.
ინტერვიუს დასაწყისში ლაშა კასრაძემ მას ჰკითხა, რას ფიქრობს ის საქართველოსა და რეგიონში ახლა მიმდინარე პროცესებზე.
„დიდი ყურადღებით და დარდით ვადევნებ თვალს მოვლენებს. სამხრეთ კავკასიაში რთული ვითარებაა. არა მარტო საქართველოში, სომხეთშიც რთული ვითარებაა, აზერბაიჯანშიც. მე ახლახან თქვენს სამეზობლოში, ბაქოში ვიმყოფებოდი გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, ვიყავი ერევანშიც. რამდენიმე წლის წინ მქონდა შესანიშნავი ვიზიტი თბილისშიც და საკუთარი თვალით ვიხილე საქართველოს სილამაზე. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო სტრესშია, ვინაიდან მათ გარშემო სამი დიდი მოთამაშეა – რუსეთი, თურქეთი და ირანი. შესაბამისად, ეს ძალიან რთული რეგიონია.
დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს. საქართველო უკვე ათასობით წელია, ახერხებს, რომ გადარჩეს, სომხებიც. ამ შეზღუდულ სივრცეში, სადაც ბევრი კონფლიქტია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ღია ომია, სამივე სახელმწიფო მოწყვლადია და საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათ შორის თანამშრომლობა აუცილებელია.
რაც შეეხება გარშემო მდებარე სამ, გაცილებით დიდ სახელმწიფოს. მათ შორის ყველაზე ძლიერი რუსეთია, არც ირანი და თურქეთი არიან მაჩანჩალები. მიმაჩნია, რომ ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის არის თანხმობა მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას, ყველასათვის ცნობილი ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნების გათვალისწინებით. მე ძალიან ვემხრობი და იმედი მაქვს, გულუბრყვილობაში არ ჩამომერთმევა ეს მრწამსი, 3+3-ის ფორმატთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსა და მათ გარშემო მდებარე სამ საერთაშორისო მასშტაბის ძალას შორის ნორმალურ, დინამიკურ დიალოგს, საერთო საინვესტიციო პროგრამებს, მდგრადი განვითარების სტრატეგიებს და წინ მიმავალ პრაქტიკულ ნაბიჯებს.
მიმაჩნია, რომ გარე ძალებს, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროპას, დიდი წინდახედულობა მართებთ, რათა ვითარების დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ. მე ხშირად ვდარდობ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზეზით, ვინაიდან მე როგორც ამერიკელი, რამდენიმე ათწლეულია, ვადევნებ თვალს ამას და უდავოა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვევა, რომ ამა თუ იმ ადგილობრივი ვითარების არცთუ ისე კარგად ფლობის ფონზე, ბევრი რამე ავრიოთ, გვაქვს ჩვევა, რომ მოვიქცეთ დაუდევრად და მცირე სახელმწიფოების ბედის სრული უგულებელყოფით.
ჩემს უკრაინელ კოლეგებს მე ბევრი წლის წინ ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რომ ამერიკულ ხაფანგში თავი არ გაეყოთ. ამერიკის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება, მე მათ ვაფრთხილებდი, არ ქცეულიყვნენ ბრძოლის ველად, რომ არ ეთამაშათ ამერიკული გეოპოლიტიკური თამაში, ვინაიდან ისინი აღმოჩნდებოდნენ დაპირისპირების ეპიცენტრში. დაპირისპირების ეპიცენტრში ყოფნა კი არავის უნდა. უკრაინელებისადმი ჩემი გაფრთხილება იყო მკაფიო, მე მათ სიტყვა-სიტყვით ვუთხარი, რომ „ისინი ევროპის ავღანეთად გადაიქცეოდნენ“ და ეს მოხდა, სამწუხაროდ.
უკრაინელებს ეგონათ, რომ მათ ნატოში მიიღებდნენ, ეს უკრაინელთა გულუბრყვილო საქციელი გახლდათ, ძალიან გულუბრყვილო! ნატოში გაერთიანებას აპირებდე და მშვიდობას მოელოდე – შეუძლებელია, თან მაშინ, როდესაც მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ამერიკული შეიარაღება სწორედ მის საზღვართან, უკრაინაში იყოს განლაგებული. კრემლის ეს პოზიცია კი ჩემთვის თავიდან ბოლომდე გასაგებია. ყველა მხრიდან ფიქრია აუცილებელი, საჭიროა, შევხედოთ სრულ სურათს, რათა ომის პროვოცირება არ მოვახდინოთ.
სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწილია, უმდიდრესი ისტორიით სავსე. ყველა იმპერიას დაუდგამს ფეხი ამ რეგიონში, ეს საოცარია და მაინც ქართველები, სომხები, აზერბაიჯანში მცხოვრები თურქული ეთნოსის ხალხები, ეს ერები ძალიან დიდი ისტორიის მატარებელნი არიან. არავის უნდა ამ იმპერიების ხილვა რეგიონში, გარდა ალბათ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისისა, იქნება ეს სხვადასხვა ნაწარმით ვაჭრობა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, ტურიზმი, ეს კარგი იქნებოდა.
რეგიონში კონფლიქტი და ომები კი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ყველამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება დიპლომატიის, წინდახედულობისა და თავშეკავების სახელით, ჩვენ ხომ კიდევ ერთი გამოწვევის შექმნა არ გვსურს“, – განაცხადა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.