„მეშინია, რომ კი“ – ასე უპასუხა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პიოტრ პრუშინოვსკიმ Rzeczpospolita-სთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პოლონეთში მალე ორი პრეზიდენტი იყოს. მისი განმარტებით, შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ მოიგებს არჩევნებს, მეორე მხარე მას პრეზიდენტად მაინც არ აღიარებს.
„მარშალეკ შიმონ ჰოლოვნიას წინადადება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არაფერს გამოასწორებს და კიდევ უფრო დიდ ქაოსს გამოიწვევს. მე არ შემიძლია ვიმსჯელო არჩევნების მართებულობაზე ნეო-მოსამართლეებთან ერთად, რადგან ჩემი ფიცის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებდი“, – ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პიოტრ პრუშინოვსკი და დასძენს: „უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ვალდებულია დაიცვას ე.წ. სამი პალატის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ნეომოსამართლის მონაწილეობით გამოტანილი ყოველი გადაწყვეტილება ბათილია სამოქალაქო პროცესის საფუძველზე ან საპროცესო გასაჩივრების აბსოლუტური მიზეზის გამო სისხლის სამართლის საფუძველზე“.
შეგახსენებთ, სეიმის თავმჯდომარეს, შიმონ ჰოლოვნიას სურს, რომ პრეზიდენტის არჩევის ნამდვილობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაამტკიცოს მთელმა უზენაესმა სასამართლომ და არა საგანგებო კონტროლისა და საზოგადოებრივ საქმეთა პალატამ.
„ჩვენ აღმოვჩნდით, განსაკუთრებით ეროვნული საარჩევნო კომისიის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ (პარტია კანონი და სამართლის გასაჩივრების შესახებ მათ სუბსიდირებაზე), კრიზისის აპოგეუმში, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს სტატუსს, განსაკუთრებით კი საგანგებო კონტროლისა და საზოგადოებრივ საქმეთა პალატას“, – განაცხადა მარშალმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა. მისივე თქმით, თავის იდეას პრეზიდენტსა და პრემიერს შესთავაზებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ასევე ჰკითხეს, თუ კანონში ცვლილებები არ მოხდება და არჩევნების თაობაზე იმსჯელებს კონტროლის პალატა, იქნება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება ძალის მქონე.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ეძახიან დადგენილებას და იღებს საგანგებო კონტროლის პალატა, არ არის დადგენილება და არ მოდის უზენაესი სასამართლოდან“, – აღნიშნა მან „Rzeczpospolita“-სთან ინტერვიუში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პიოტრ პრუსინოვსკიმ “Rzeczpospolita”-სთან ინტერვიუში უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა მოხდეს, რომ შესაძლო სამართლებრივი ჩიხის შედეგად პოლონეთში ორი პრეზიდენტი იყოს.
მისი აზრით, შესაძლებელია და ამის ეშინია. „შეიძლება დადგეს სიტუაცია, როცა არ ექნება მნიშვნელობა თუ ვინ მოიგო არჩევნები, მეორე მხარე მას პრეზიდენტად მაინც არ აღიარებს“, – განაცხადა მან.
პიოტრ პრუშინოვსკი არის იურიდიულ მეცნიერებათა ჰაბილიტირებული დოქტორი, ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტის აკადემიური პედაგოგი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2021–2024 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შრომისა და სოციალური დაზღვევის პალატის ხელმძღვანელი.