რისკები, პირველ რიგში, ალბათ ის იქნება, რატომ 12 წლის წინ შემდეგ, რატომ მანამდე არა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა კითხვის საპასუხოდ, თუ რა რისკები შესაძლოა ახლდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, რანაირად უნდა აღსრულდეს, ესეც საკმაოდ რთული პროცედურებია სამართლებრივად, როდესაც ზოგიერთი დანაშაული, რომელიც ჩადენილია, უკვე ხანდაზმულია და შეიძლება მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდეს ამას.
„თუმცა, მე როგორც ვატყობ, აქ სამართლებრივზე მეტად არის პოლიტიკური მიზნები იმისათვის, რაც დააანონსა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ის პარტია, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უნდა გამოცხადდეს კანონგარეშედ. ეს არის მიზანი, თუმცა თვითონ პრაქტიკულად პარტია კი შეიძლება აიკრძალოს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ყოველი კონკრეტული პიროვნების მიმართ, რომელიც ისედაც სხვადასხვა პარტიაში არის ბევრი გადანაწილებული, რომ მათ აუკრძალო პოლიტიკური საქმიანობა, ეს ცოტა ძნელად წარმომიდგენია. რეალურად, ალბათ იქნება ის, თუ ეს ხაზი და ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მივიდა, მაინც ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. თვითონ პრაქტიკული თვალსაზრისით, გამოცხადდება მხოლოდ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს, ალბათ, საბოლოო მიზანი არის ეს“, – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.