მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახური უკრაინიდან გაგზავნილი ფოსტისა და ტვირთისთვის უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც შვიდ იანვარს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუს აეროპორტში ამანათების შემოწმებისას მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ სათამაშოში დამალული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.
უწყების განცხადების თანახმად, საავიაციო უსაფრთხოების რისკების მართვის ჯგუფმა გადაწყვიტა, მიეღო დამატებითი ზომები მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების მაქსიმალური დონის უზრუნველსაყოფად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამიერიდან უკრაინიდან გაგზავნილი ყველა საფოსტო გზავნილი და საქონელი კლასიფიცირებულია, როგორც მაღალი რისკის ტვირთი და ფოსტა; ამ გადაზიდვების შემოწმება სატვირთო ტერმინალებში დაექვემდებარება უსაფრთხოების კონტროლის დამატებით მკაცრ ზომებს, რომლებიც გამოიყენება განუსაზღვრელი ვადით.