რუმინეთში ათიათასობით ადამიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას და მოქმედი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის გადადგომას ითხოვენ.
აქცია ოპოზიციური მემარჯვენე პარტიის „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ მიერ იყო ორგანიზებული.
„ჩვენ მოვითხოვთ დემოკრატიისკენ დაბრუნებას არჩევნების მეორე ტურის გაგრძელებით“, – განაცხადა „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ ლიდერმა.
ორგანიზატორთა თქმით, აქციაზე 100 000 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 20 000 ადამიანი მონაწილეობდა.
მომიტინგეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება“, „დააბრუნეთ მეორე ტური“.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც, ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კალინ ჯორჯესკუ.
რუმინეთის მმართველი კოალიცია მიმდინარე კვირას შეთანხმდა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება. რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დარჩება.