ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მზად არის განსახორციელებლად, თუ „ჰამასი“ დათანხმდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„მჯერა, ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა მხარემ ან სხვადასხვა მოვლენამ გაართულა შეთანხმების დასრულება.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენმა ინტენსიურმა ძალისხმევამ მიგვიყვანა საბოლოო შეთანხმების ზღვარზე. კვირას შეერთებულმა შტატებმა, კატარმა და ეგვიპტემ წარმოადგინეს საბოლოო წინადადება. ბურთი ახლა ჰამასის მოედანზეა“, – განაცხადა ბლინკენმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ისრაელის მედია წერს, პროგრესი მიღწეულია და შეთანხმების დეტალები ახლა საბოლოო ეტაპზეა. სამეტაპიანი შეთანხმება დაიწყება ისრაელის მიერ დაპატიმრებული ასობით პალესტინელი ქალისა და ბავშვის სანაცვლოდ ექვსი კვირის განმავლობაში 33 მძევლის ეტაპობრივი გათავისუფლებით, მათ შორის ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების. 33-ს შორის იქნება ხუთი ისრაელელი ჯარისკაცი ქალი, თითოეული მათგანი გათავისუფლდება 50 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ამ პირველ, 42-დღიან ფაზაში ისრაელის ძალები გავლენ გარკვეული დასახლებული ადგილებიდან. პალესტინელებს მიეცემათ უფლება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება ჩრდილოეთ ღაზაში და იქნება ჰუმანიტარული დახმარების ზრდა, დაახლოებით 600 სატვირთო მანქანა ყოველდღე.