ნეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24 სარედაქციო სტატიას ავრცელებს, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ემშვიდობება.
„როდესაც ამ წერილს გწერ, სევდიანი ვარ და აცრემლებული თვალები მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ მომენტში იგივე მდგომარეობა მაქვს, რაც მილიონობით ნეაპოლიტანელ გულშემატკივარს მთელ მსოფლიოში. გულით გწერთ, იმ გულით, რომელსაც ყოველ ჯერზე დებდი მოედანზე, როდესაც ჩვენს მაისურს იცვამდი- 77 ნომერი, რომელიც დღეიდან ლეგენდარული და საკულტო ხდება“, – წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, სალვიო პასანტე.
სტატიაში ასევე განხილულია ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის მიზეზები.
„ამ სიტუაციაში ყველა მართალია და ასევე არასწორი. ერთი მხრივ, კლუბი, რომელიც მუდამ ცდილობდა ფულის დაზოგვას და შეცდომა დაუშვა, რომ დაუყოვნებლივ არ დააჯილდოვა და არ დაიცვა ასეთი ნიჭი 33 წლის განმავლობაში ნანატრი სკუდეტოს მოპოვების შემდეგ. მეორე მხრივ, გუნდის სიმბოლო, რომელიც პირველ ადგილზე მყოფ გუნდს ტოვებს ჩემპიონატის დასრულებამდე 18 ტურით ადრე. თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშეს ბოლო 3 წლის განმავლობაში არასდროს მიუღია სათანადო ანაზღაურება“, – ნათქვამია სტატიაში.
„თუმცა, ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ხელფასი, სატრანსფერო ღირებულება, პრემიები და საკომისიოები. ვისაუბროთ ფეხბურთზე და იმ ემოციებზე, რომელიც ჩვენ მოგვანიჭე. მეტეორიტივით გამოჩნდი სერია ა-ში. პირველი გოლი „ვერონას“ წინააღმდეგ სადებიუტო თამაშში, დუბლი „სან პაოლოზე“ „მონცას“ წინააღმდეგ. და რა გოლი! შემდეგ კი დრიბლინგი, პასები, გამარჯვებები. ბოლოს კი იტალიის ჩემპიონობა. რამდენი ხანი ველოდით ამას, როგორ ვოცნებობდით ამაზე და ბოლოს შენი ფეხების წყალობით ამ სკუდეტოს ჩვენი ხელებით შევეხეთ. შენ ხარ გენიოსი, ჯადოქარი, ნიჭიერი. უძლიერესი მოთამაშე, რომელიც ამ ქალაქს უნახავს მარადონას შემდეგ. შენ გააერთიანე ორი ხალხი – ნეაპოლელები და ქართველები. შენ დაამარცხე ყველაზე ძლიერები იტალიაში. მუდამ ატარე გულში ნეაპოლი. ასე დავასრულოთ ეს ისტორია და მუდამ გვიყვარდეს ერთმანეთი. ვისაც უყვარს, ის არასდროს ივიწყებს. მადლობა, ხვიჩა“, – ნათქვამია სტატიაში.