აშშ-ში, ვაშინგტონთან ახლოს საჰაერო შეჯახების შედეგად დაღუპული მგზავრის ოჯახმა სარჩელი შეიტანა ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) და აშშ-ის არმიის წინააღმდეგ, თითოეულ შემთხვევაში ის 250 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სარჩელის შეტანა, სავარაუდოდ, ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლის დასაწყისია, რომელიც აშშ-ში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ავიაკატასტროფას უკავშირდება.
“ეს იყო კატასტროფა, რომელიც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც იმ ღამით. ყველაფერი ერთად დაემთხვა, რათა ეს ტრაგედია მომხდარიყო. ჩვენ გვინდა ბოლომდე გავარკვიოთ ყველაფერი და ეს გვაძლევს ძალას წინ ვიაროთ”, – განაცხადა დაღუპულის ოჯახის ადვოკატმა რობერტ კლიფორდმა.
ცნობისთვის, 29 იანვარს მომხდარი საჰაერო შეჯახების შედეგად, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 64 ადამიანი და სამხედრო ვერტმფრენში მყოფი სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა.