პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ არ გაცნობია.
შესაბამისად, დეპუტატს ამ ეტაპზე უჭირს პრეზიდენტის ვეტოს მართებულობაზე შეფასების გაკეთება.
როგორც კობახიძემ “კვირას“ განუცხადა, ხვალ ბიუროს სხდომა ჩატარდება იმ მიზნით, რომ აღნიშნული შენიშვნები შესაბამის კომიტეტს მიეწოდოს და დაიწყოს მსჯელობა.
კობახიძე მიესალმება აღნიშნულ თემაზე პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციების გამართვის ფაქტს.
„შენიშვნებს ჯერ არ გავცნობივარ, ხვალ ჩვენ მოგვიწევს ბიუროს სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ ეს შენიშვნები მივაწოდოთ შესაბამის კომიტეტს და დაიწყოს განხილვები. ის, რომ პარლამენტს, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები შედგა,რა თქმა უნდა, კარგია. უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას ეფექტურს გახდის. თუ რაიმე კითხვის ნიშნები არის რაიმე ნორმასთან დაკავშირებით და პრეზიდენტი შენიშვნები არის საფუძვლიანი, ბუნებრივია, ამაზე იქნება მსჯელობა და ეს იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვიდრე ამ შენიშვნებს არ გავცნობივარ, წინასწარ ცოტა რთულია გადაჭრით რაიმეს თქმა“,- განუცხადა “კვირას“ მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.
მანანა კობახიძე – ვიდრე ამ შენიშვნებს არ გავცნობივარ, წინასწარ ცოტა რთულია გადაჭრით რაიმეს თქმა
2016/05/31 19:59:59
კომენტარები
ნანახია: 2008 ჯერ