საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ,,გირჩი“ ანტიმართლმადიდებლური პარტიაა, თუმცა თემა, რომელსაც მან დაარტყა ( გულისხმობს სამხედრო სავალდებულო სამსახურს) პრობლემაა და ხელისუფლებამ კანონი უნდა შეცვალოს.
გიორგი ანდრიაძის თქმით, თუ ხელისუფლება რამეს არ იღონებს ბევრი ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაცია გაჩნდება, ხოლო ,,გირჩი“ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერას მიიღებს.
,, ეს არის ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურის ის ნაკლოვანი მხარე, რომელიც შეიქმნა შევარდნაძის დამპალი და სააკაშვილის უდამპლესი რეჟიმის დროს, დღეს ძალიან კარგ პოპულისტურ თემას ეხებიან, თემას ვეთანხმები.
სააკაშვილის რეჟიმმა ისე დაწერა კანონები, რომ შემდეგ ამათ ემოქმედათ. თუ კანონი არ შევცვალეთ ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციები შეიქმნება .
,,გირჩი“ ანტიმართლმადიდებლური პარტიაა, თემა არის სწორი დარტყმა,მაგრამ ხელისუფლებამ თუ კანონი არ შეცვალა ეს პარტია ხალხი ბევრ მხარდაჭერას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ ტოკ-შოუ ,,რეაქციის“ ეთერში.
გიორგი ანდრიაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ,,გირჩი“ ანტიმართლმადიდებლური პარტიაა, ,,გირჩის’“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა.
მისი თქმით, რომელიმე პარტიის ყველა წევრისთვის ერთი იარლიყის მიკერება არ შეიძლება, ამის დასადასტურებლად კი იაგო ხვიჩიამ ციანიდის საქმის მაგალითი მოიყვანა.
,,მე არ მგონია, რომ ანტიმართლმადიდებლური იყო პარტია ან ორგანიზაცია. მე მახსოვს რომ ციანიდის საქმეზე ვიყავი მოსული აქ და ამ საქმეში არ იყო არც ერთი გირჩის წევრი გახვეული. იმ ყველაზე წმინდა ადგილას მოხდა ისეთი სკანდალი, რომელსაც ქრისტიანული არ შეიძლება ვუწოდოთ. სანამ მე მეტყვით, რომ გირჩი არის ასეთი ორგანიზაცია იქნებ დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ ადამიანები იქცევიან ან ისე ან ასე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას პასუხს გიორგი ანდრიაძის ბრალდება მოჰყვა. მისი თქმით, ციანიდის საქმეც იმ სპექტაკლის ნაწილია, რომელსაც ახლა ,,გირჩი“ დგამს.
,,სწორედ ციანიდის საქმეა იმ პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია, რომელიც ახლა იდგმება, თქვენი პარტნიორები და დამფინანსებლები არიან გარეული ამ საქმეში“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ. თუ ვინ გულისხმობდა კონკრეტულად, ამ კითხვაზე გიორგი ანდრიაძემ პასუხი არ გასცა.