აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დააკავეს პირი, რომელიც 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის დროს ქაბულის აეროპორტში ტერაქტის მოწყობაზე და 13 ამერიკელი სამხედროს მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.
კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ დაკავება პაკისტანის დახმარებით მოხდა და ახლა ხორციელდება მისი აშშ-ში გადაყვანა.
„სამ-ნახევარი წლის წინ ISIS-ის ტერორისტებმა მოკლეს 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და უამრავი სხვა ადამიანი „ები გეითის“ დაბომბვისას ავღანეთიდან ძალების კატასტროფული და არაკომპეტენტური გაყვანის დროს. არა ის, რომ ისინი გადიოდნენ, არამედ როგორ გადიოდნენ. ალბათ ყველაზე სამარცხვინო მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამაღამ მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლახან დავაკავეთ მთავარი ტერორისტი, რომელიც პასუხისმგებელია ამ სისასტიკეზე. და ის სწორედ ახლა იმყოფება გზაში, რათა შეხვდეს ამერიკული მართლმსაჯულების სწრაფ მახვილს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.