ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში ძალადობით, რომელმაც მსხვერპლთა დიდი რაოდენობა გამოიწვია, მათ შორის დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერების შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე. ასევე ყველაზე მკაცრი ფორმით ვგმობთ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებებს, მათ შორის სიკვდილით დასჯას, რომელთა უმეტესობაც, სავარაუდოდ, ჩადენილია შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ გარდამავალი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ.
„ჩვენ მივესალმებით გარდამავალი ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს, კერძოდ, საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, რათა დამნაშავეებს პასუხი მოეთხოვოთ საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი დანაშაულების განმეორება. ევროკავშირი განაგრძობს მოწოდებას სირიაში ძალადობის შეწყვეტისკენ და მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან სირიელები რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დისკრიმინაციის გარეშე; ასევე, მოუწოდებს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისკენ და ნებისმიერ პირობებში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება 10 მარტს გარდამავალ ხელისუფლებასა და სირიელი ქურთების დაჯგუფებას შორის მიღწეულ შეთანხმებას.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სირიის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემისკენ. ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, მხარი დაუჭიროს მშვიდობიან და ინკლუზიურ გარდამავალ პერიოდს, უცხოური ჩარევის გარეშე, რომელიც დაიცავს ყველა სირიელის უფლებებს, ყოველგვარი განსხვავების გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.