უკრაინის საჯარისო შენაერთები რუსეთის არმიის შეტევის ფონზე კურსკის ოლქს ტოვებენ. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თებერვლის ბოლოდან ელიტურმა რუსულმა სამხედრო შენაერთმა უკრაინის მომარაგების გზები გადაჭრა. 25 თებერვალს დარტყმების ზუსტმა სერიამ მწყობრიდან გამოიყვანა ქალაქ სუჯასთან განლაგებული ათეულობით უკრაინული სატრანსპორტო საშუალება.
Forbes-ის ინფორმაციით, კურსკის ოლქში მდებარე ეს ქალაქი უკრაინელების 10 ათასიანი შენაერთის მთავარი ბაზა იყო.
„ეს იყო დღე, როცა ჩვენ კურსკზე ავღელდით“, – ციტირებს გამოცემა დამოუკიდებელ ანალიტიკოსს ენდრიუ პერპეტუას. ორ კვირაში უკრაინული ჯარის ძირითადმა ნაწილმა, მათ შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანმა ბრიგადებმა კურსკიდან ორგანიზებული ევაკუაცია განახორციელეს და უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
„ჩემმა მეგობრებმა კურსკი დატოვეს, რათა ალყაში არ მოქცეულიყვნენ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მებრძოლმა. „საწყენია, რომ საქმე აქამდე მივიდა, მაგრამ ეს ასეა“.
როგორც Forbes-ი იუწყება, უკრაინელების შეტევა კურსკის ოლქზე 2024 წლის აგვისტოში ასეულობით კვადრატული კილომეტრის დაპყრობით დასრულდა, თუმცა ისინი სტრატეგიულად სასარგებლო პოზიციებზე ვერ განთავსდნენ. ჩრდილოეთით მათ წინსვლას რუსების შეტევა აფერხებდა.