პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რითაც საბოლოო ჯამში საერთაშორისო სასამართლოების მოგება მოხერხდა.
სოზარ სუბარის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მოხერხდა საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას უხდის ყველას, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა სასამართლოების მოგება და მათ შორის, უდიდესია თეა წულუკიანის დამსახურება.
„მთლიანობაში ჩანს, რომ ამ ნაბიჯებით, მათ შორის 1633 რეზოლუციაზე ხელმოწერით მაშინდელმა ხელისუფლებამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი, რომ ჩვენ უნდა წაგვეგო ყველა საერთაშორისო სასამართლო – როგორც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ასევე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლო, რაც უმძიმესი დარტყმა იქნებოდა ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისთვის, მეორე მხრივ კი საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნისთვის წირავდა არაერთ ქართველ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ გენერალს…
ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენება მისცა სასამართლოებს, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა ამ სასამართლოების მოგება, მაგრამ მათ შორის უდიდესია ქალბატონი თეა წულუკიანის დამსახურება და მადლობა მინდა ვუთხრა მას ამისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს კომისია კიდევ ბევრ რამეს გამოავლენს მუშაობის პროცესში,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.