გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ხელისუფლებამ ოთხი უცხოელის, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტზე თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას, ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ირლანდიის, პოლონეთისა და აშშ-ის მოქალაქეებზე. ამ ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უნდა უზრუნველყონ.
ოთხივე უცხოელმა უკვე მიიღო უწყისი გერმანიაში ყოფნის სამართლებრივი უფლების შეწყვეტის შესახებ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, დაადასტურა, რომ შესაბამისი გაფრთხილება უკვე მიიღო.
Bild-ის ცნობით, საუბარია აქციის რადიკალ მონაწილეებზე, რა დროსაც ორმოცამდე ადამიანი უნივერსიტეტის სათავო შენობაში შევარდა და ის დაარბია. მომიტინგეებმა უნივერსიტეტის კედლები ანტისემიტური ლოზუნგებითა და სიმბოლოებით მოხატეს, რომლებსაც დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები იყენებენ.
როგორც მეცნიერების სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი მარქსმა განაცხადა, თავდამსხმელები ნაჯახებით, ხერხებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი და აგრეთვე უნივერსიტეტის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ.
გამოცემის ცნობით, საქმის ოთხივე ფიგურანტი თავდასხმამდე პოლიციაში აღრიცხვაზე იდგა.