საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
”ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ისრაელისთვის. ვიცით ებრაელი ხალხის უმძიმესი ისტორია. საქართველოსაც მძიმე ისტორია აქვს და სწორედ ამიტომაცაა, რომ ამდენი საერთო გვაქვს ისრაელთან.
ჩვენ, ქართველებს, გვეამაყება ქართველი და ებრაელი ხალხის სამაგალითო მეგობრობა და თანაცხოვრება, რომელიც მრავალი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოს მიწაზე და სულ უფრო მყარდება.
სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ორ ერს შორის ძმობა იყო ყოველთვის განსაკუთრებულ პარტნიორობაში გადაზრდილი, რომელიც დღითი-დღე ღრმავდება და სტრატეგიულ ხასიათს იძენს. წელს ჩვენ ვზეიმობთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც ისრაელის მთავრობას გააჩნია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ეფუძნება საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს და დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით.
”განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჯანდაცვის სამინისტროებს შორის. გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში. ამ თანამშრომლობას საუკუნეების ტრადიცია აქვს. 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა დავიდ ბააზოვის ქართველთა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აღდგენილია 7 სინაგოგა და ამ უდიდეს საქმეში ფასდაუდებელია ფონდი ”ქართუს” და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი,“– განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ისრაელის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილს გაეცნო. ბენიამინ ნეთანიაჰუ ხაზს უსმევს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
“წელს აღინიშნება ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა ის ფუნდამენტია, რაზეც ავაშენეთ და განვავითარეთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენი მთავრობა ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთგული რჩება,” – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის წერილში.
ისრაელის საელჩოს ორგანიზებით გამართულ მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.