მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი და პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და საქართველოს ჰქონდეს ხელსაყრელი პირობები გრძელვადიანი დაფინანსებისთვის, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, ახლა რა ეტაპზეა სასტარტო მოცემულობა საქართველოსა და აშშ-ის შორის.
„ჩვენი ვიზიტი აშშ-ში ძირითადად უკავშირდებოდა საფინანსო ორგანიზაციების საგაზაფხულო წლიურ შეხვედრებში მონაწილეობას. ვიყავით წარმომადგენლობითი დელეგაცია, იყო ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. ვფიქრობ ბევრი პროდუქტიული, საქმიანი შეხვედრა გავმართეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან. ეს არის აუცილებელი ნაწილი იმ პროცესის, რაც ეკონომიკურ პროგრესს უკავშირდება მიუხედავად იმისა, რომ აქაც ძალიან დიდი იყო პოლიტიკური ზეგავლენა.
სამწუხაროდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებშიც ისე, როგორც ადრე არ იყო, ძალია დიდია პოლიტიკური, სუბიექტური გადაწყვეტილებების მცდელობა, რაც დამაზიანებელია ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი და პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და საქართველოს ჰქონდეს ხელსაყრელი პირობები გრძელვადიანი დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა დავითაშვილმა.