როდესაც პარიზში და სხვა ბევრ დემოკრატიულ ქვეყნებში დემონსტრანტები რაღაც წესებს არღვევენ, პოლიცია ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბრუტალურად იქცევა, თუმცა, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, დასავლეთის გარკვეულ წრეებს უსტანდარტო დამოკიდებულება აქვთ, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„არა მარტო პარიზში, არამედ დემოკრატიული ქვეყნების ბევრ ქალაქებში, როდესაც დემონსტრანტები რაღაც წესს არღვევენ, პოლიცია მოქმედებს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბრუტალურადაც კი, მაგრამ ერთი განსხვავებაა აქ, მე მინდა ამას ხაზი გავუსვა. ერთია, როდესაც სოციალური მოთხოვნით გამოდის ხოლმე დემონსტრანტი, ის რაღაც წესრიგს არღვევს და მეორე საკითხია, როდესაც საქართველოში წინასწარ მომზადებული ჯგუფები სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით გადატრიალების მიზნით პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პარლამენტის შენობაზე შეტევას ახორციელებენ. პოლიცია საათობით იცავს თავს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის კანონით დაშვებული და განსაზღვრული მეთოდებით დემონსტრანტების ასე ვთქვათ დაშლაზე და ამ დროს ხდება ასეთი ორმაგი სტანდარტიც არ ჰქვია, უსტანდარტო დამოკიდებულება დასავლეთის გარკვეული წრეების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ეს რაზე მიუთითებს? – ეს მიუთითებს არა იმაზე, რომ საკითხს უდგებიან ობიექტური, კანონიერი მეთოდებით შეფასებისათვის, არამედ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ორმაგი სტანდარტი და საელჩოს დუმილი. საფრანგეთის საელჩო, პარიზის აქციებთან დაკავშირებით დუმს. ქრონიკა დაინტერესდა დაიწყო თუ არა საფრანგეთში გამოძიება პოლიციის ქმედებებზე, თუმცა, დიპლომატიური წარმომადგენლობისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. სახელისუფლებო პარტიაში უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია.