ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი პასუხს გასცემს „ჰუსიტებსა“ და ირანს. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჰუსიტებმა“ თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
„აშკარაა, რომ ჩვენ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მთელი მსოფლიო დგას „ჰუსიტების“ მხრიდან გამოწვევის წინაშე, მათ შორის იმ საზიზღარი თავდასხმის ჩათვლით, რომელიც დღეს ბენ გურიონის აეროპორტის მახლობლად განახორციელეს. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ჩვენ მათ წინააღმდეგ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ ისინი მოქმედებენ თავიანთი მფარველის, ირანის მითითებითა და მხარდაჭერით. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეფექტურად ვუპასუხებთ და ირანს გავაფრთხილებთ, რომ ეს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდესთან შეხვედრისას.
ცნობისთვის, Times of Israel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰუსიტების“ ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. არიან დაშავებულებიც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რაკეტის განადგურება ვერ შეძლეს.