2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მისი უფლებების ხელყოფის ფაქტებზე საუბრობს.
როგორც გელაშვილი იხსენებს, ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ვალერი გელაშვილს იგი კვლავ შეეხებოდა, ადამკუსი იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა.
მისივე განცხადებით, ამ გაფრთხილების გამო, სააკაშვილი აღარ ეხებოდა და დაცვაც დაუნიშნა, თუმცა, შემდეგ ფიქრობდა, თუ როგორ გაეგდო პარლამენტიდან.
„ვიცი, რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო. გააფრთხილა, რომ თუ შეეხები გელაშვილს, ჩემი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და ამიტომ, იძულებული ვიქნები რეაგირება მოვახდინოო. ამის გამო, მგონი, აღარ მეხებოდა სააკაშვილი. დამინიშნა დაცვა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე. 2006 წელს საპროცედურო კომიტეტზე ინიციირება გააკეთეს, ვითომ, საბუთებს ჩემი ბიჭი აწერდა ხელს, ისიც ვალერი გელაშვილია. მოიტანეს საბუთი, აგერ, ვალერი გელაშვილი ბიზნეს საქმიანობას ხელს აწერსო, მე ვუთხარი, ჩახედეთ, 1985 წელშია ის დაბადებული-თქო, მაგრამ არავინ მომისმინა, [ხათუნა] გოგორიშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, გაიტანეს სხდომაზე, ცალმხრივად კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით.“ – აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიების მასალების თანახმად, 2005 წელს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალს სდებდა და აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.